მომავლის მონახაზი
უამრავი პროფესიის ადამიანი ერთობლივად მუშაობს, რომ
ტრადიციული სახლებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ფუტურისტული ვერსიები
შექმნან. ამ ვერსიების ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დანარჩენის დანერგვას ალბათ
რამდენიმე წელი დასჭირდება.
ნილ სელვინი, მონაშის უნივერსიტეტის პროფესორი, ვარაუდს
გამოთქვამს, რომ 10 წლის შემდეგ ამერიკული სკოლები მთლიანად შეიცვლება და ისინი ტრადიციული
სახით აღარ იარსებებს. ნორმაში შემოვა ვირტუალური კლასები. მასწავლებლები შესაძლოა
რობოტებმა ჩაანაცვლონ. ამის განხორციელებისთვის კი მძლავრი სერვერები გახდება საჭირო.
ერთერთი ასეთი განხორციელებული პროექტი ალაბამას შტატში
მდებარე ეკლესიაა, რომელიც მრევლს ლოცვის და დასვენების საშუალებას ერთად აძლევს. ეკლესიის
ტერიტორიაზე მოწყობილია ბოულინგის ბილიკები, ფიტნესის დარბაზი, სათამაშო და კალათბურთის
მოედნები, კაფე და ალპინისტების სავარჯიშო კედელი. ეკლესიის ტერიტორიაზე დასვენება
სტუმრებსაც შეუძლიათ.
ახალი ტიპის შუქნიშანს ცდიან სინგაპურში ქვეითთა გადასასვლელზე.
წითელი დიოდური სინათლე, რომელიც მთელი ტროტუარის სიგრძეზეა გაკეთებული მგზავრებს გზაზე
გადასვლას უკრძალავს, ხოლო მწვანე კი გადასვლის უფლებას აძლევს.
ჭკვიანი სახლების განათება ადამიანის ხასიათის მიხედვით
დარეგულირდება. ოთახებში დამონტაჟებული მონიტორები დააკვირდებიან პატრონის ფიზიკურ
მდგომარეობას და მას სავარჯიშოდ და სასეირნოდ გასვლასაც შეახსენებენ. რადგანაც საზოგადოების
მოთხოვნა მუდამ პროგრესირებს, ჭკვიანი სახლებიც უფრო მეტ ფუნქციას იძენს.
მომავალში ექიმის კაბინეტში შესულს თქვენ ყველაფერი
ციფრულ ვერსიაზე დაგხვდებათ გადაწყობილი. თითოეულ ადამიანს ექნება სპეციალური სისტემა,
რომელიც გააფრთხილებს ჯანმრთელობის პრობლემის გაჩენის შესახებ და არ დაუშვებს, რომ
თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს. ექიმთა კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში გახდება შესაძლებელი
და სავარაუდო გამოკვლევების სიაც ასე შედგება. შემდეგ ეტაპზე სპეციალური დანადგარის
მიერ მოხდება პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების ჩაწერა, რომელზე წვდომაც პაციენტს
და ექიმს ონლაინ შეეძლებათ.
მნიშვნელოვან სახეცვლილებას განიცდის პროდუქტის მაღაზიებიც.
პროდუქტებზე ფასები ციფრულ ფორმაში იქნება დატანილი და მათი დამოუკიდებლად განახლება
მოხდება. მაღაზიები აღჭურვილი იქნება სპეციალური თვითმავალი კალათებით, რომელიც კლიენტს
გაყვება და სასურველი პროდუქტის მდებარეობას მიასწავლის. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით
მომხმარებელი კალათს საყიდლების სიას გაუგზავნის და კვებით შეზღუდვებზე ინფორმაციას
გაუზიარებს.
იაპონიაში, ნაგასაკში მდებარე სასტუმროს მომსახურე პერსონალი
მთლიანად ჩაანაცვლეს რობოტებმა. რობოტები ესალმებიან სტუმრებს, ეზიდებიან ბარგს და
ალაგებენ ნომრებს. მათ ქცევებს საფუძვლად ახალგაზრდა იაპონელების ქცევები და ჟესტები
უდევთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რობოტების დაპროგრამება შესაძლებელია ვიზიტორთა
სხეულის ენის და ხასიათის მიხედვით. რობოტებს საუბარი მინიმუმ 4 ენაზე შეუძლიათ.
Comments
Post a Comment